ნატოს გაფართოება რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხეს წარმოადგენს- ეს განცხადება, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
„კომერსანტმა“ დიმიტრი მედვედევთან სრული ინტერვიუ გამოაქვეყნა.
რუსეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოს ნატოში შესვლას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომზე საუბრისას ამტკიცებს, რომ 2008 წელს ომი საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოხდა და რუსეთი პროცესში მხოლოდ მოგვიანებით ჩაერთო.
მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას დიმიტრი მედვედევმა ალიანსის მხრიდან უპასუხისმგებლო პოზიცია და მშვიდობისთვის რეალური საფრთხე უწოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე დაასრულა თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ რუსეთსა და საქათველოს შორის ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა, მედვედევმა უპასუხა, რომ მას ასე არ ჰგონია.
“ნატოს გაფართოება რა თქმა უნდა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციისთვის. ცოტა ხის წინ მიღებული იყო მორიგი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელოდებიან და მომავალში მიიღებენ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში. ეს სრულიად უპასუხისმგებლო პოზიციაა და შესაძლოა სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, რადგან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული.
რაც შეეხება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას, ვფიქრობ ეს არ წარმოადგენს ისეთ პრობლემას, რომელმაც შეიძლება საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების ხასიათი სამუდამოდ განსაზღვროს. შეგახსენებთ, ახლა საქართველოში სხვა მთავრობაა და ახალ ხელისუფლებასთან განვითარებისთვის მზად ვართ,”-განაცხადა მედვედევმა.