"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.
შალვა ნათელაშვილი ზურაბიშვილის საპასუხოდ განმარტავს, რომ სახელმწიფო ომს თავის ტერიტორიაზე არ იწყებს.
„ვფიქრობ, საფრანგეთის დიპლომატიურ ტრაგედიებზე აღზრდილ ამ ქალბატონს ეს კარგად უნდა მოეხსენებოდეს და მაინც და მაინც, სიძულვილით და კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
გუშინ ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის დროს საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ პოზიცია ომიდან 10 წლის შემდეგაც არ შეუცვლია.