„მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იმის მაგივრად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, მან ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გააკეთა.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა მმართველი პარტიის დამოკიდებულება აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა, თუმცა, აგვისტოს ომის დროს წინა ხელისუფლებამ ქვეყანას საფრთხე ვერ ააცილა თავიდან.
„აქვე ისიც მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები მაშინ აფრთხილებდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნები აფრთხილებდნენ საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას. ხოლო, სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იმის მაგივრად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, მან ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში,“ - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესია მხოლოდ 2008 წელს არ დაწყებულა და რუსეთი ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა გასულ საუკუნეშიც.
მამუკა ბახტაძემ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე შეფასებისგან შეიკავა თავი. მან ასევე, აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ საქართველოს ეყოლება არაპარტიული პრეზიდენტი, რომელიც დამბალანსებლის როლს შეასრულებს.