იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტს აკრიტიკებს. თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესს გამოეხმაურა და მოუწოდა გიორგი მარგველაშვილს, რომ ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენამდე, პასუხი გასცეს კითხვებს, რომელიც ნინო გვენეტაძის გარშემო არსებობს.
„საქართველოს პრეზიდენტისა და მისი თანამშრომლებისგან განსხვავებით, მე არ მჩვევია, როდესაც ფართო კონსულტაციების შედეგად, ყველასთან შეთანხმებით დავდგები მედიის წინაშე და განვაცხადებ, რომ წარმოგიდგენთ კანდიდატურად ამას და ამას, როდესაც ეს ადამიანი შემდეგ გადადგება, მას მომდევნო რამდენიმე საათში უკან დავაწიო ქვა. ეს არ არის ჩემი მიდგომა. ჩემი მიდგომა არის ცოტა სხვანაირი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს და მის თანამშრომლებს, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ, პარლამენტს შესთავაზეს ქალბატონი ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, შეაფასონ თავიანთი მაშინდელი გადაწყვეტილება და გვითხრან საზოგადოებასაც და მეც, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სწორი, რატომ იკავებენ თავს შეფასებისგან იმისა, რაც იყო დღემდე და რას აპირებენ მომავალში, შემდეგ უფრო დამაჯერებელი და სერიოზული გახდებოდა მათი მხრიდან,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ გვენეტაძის ფრაზა იმის შესახებ, რომ ის „ძალადობის მსხვერპლი“ იყო, მას ეხებოდა.
„მას ჰქონდა ჩემგან მხარდაჭერა,“ - აღნიშნა წულუკიანმა.