19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ქონების რეგისტრაციას იწყებს

ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ქონების რეგისტრაციას იწყებს. პროექტს იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის უწყებასთან ერთად განახორციელებს. მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირება და აღრიცხვაა.

მთავრობის დადგენილებაში უკვე განსაზღვრულია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის ქონების აღწერა უნდა მოხდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შესაბამისი უწყებების პირველმა პირებმა განცხადებები გააკეთეს.

მინისტრები განმარტავენ, რომ ეს იქნება ქონების აღწერა, მისი მიზანი კი არის ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია მათ ქონებასთან დაკავშირებით.

„რადგან მათ აქვთ დაბრუნების განუყოფელი უფლება და ამ დაბრუნების განუყოფელი უფლების რეალიზების შემდგომ, ეს იქნებოდა საფუძველი, იმისა რომ მათ ჰქონდეთ საკუთრებაზე უფლება. ეს არ არის ის თემა, რომელიც რაღაც სიახლეს წარმოადგენს უშუალოდ პოლიტიკურ თუ დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესში. დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესში, თემა რომელიც უკავშირდება ამ საკითხს, არის დევნილების დაბრუნება. ეს რა თქმა უნდა, არის თემა, რომელიც არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური მოლაპარაკებების დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი,“ - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.

განცხადება გააკეთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

„ქონების აღრიცხვის არსებული მეთოდოლოგიები, რომელიც ქაღალდზე დატანილი მატარებლებით იყო, ბოლო თვეებში უკვე აქტიურად მიდის მათი დიგიტალიზაცია და უფრო გამყარება, ასე ვთქვათ. მეორე იწყება ველზე გასვლები, კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა დასახლებებში, სადაც უფრო მეტი ვალიდაცია და ვერიფიკაცია მოხდება. ძირითადად, ეს ვრცელდებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, ახლა ჩაერთვება უკვე ცხინვალის რეგიონი დროებითი დევნილი მოსახლეობა,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები