დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკო-ში განაცხადი შეიტანა.
ერთობლივი განაცხადი „შენების მოძრაობამ“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ეროვნულმა ფორუმმა“ წარადგინეს.
„შენების მოძრაობის” წევრი, თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ დღეიდან უკვე ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. შერგელაშვილის თქმით, უსუფაშვილის გარშემო ამ სამი პარტიის გარდა კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი.
მისივე განცხადებით, მათი სამომავლო ამოცანები არა მხოლოდ საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო რჩევნებსაც უკავშირდება.
„დღეიდან დავიწყებთ უკვე ხელმოწერების შეგროვებას, იმ კანონით გათვალისწინებული ხელმოწერების რაოდენობა, რათა საბოლოო რეგისტრაცია გახდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავით უსუფაშვილი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, დღევანდელ მოცემულობაში მისი წარსულიდან, მისი საქმიანობიდან, მთელი 30-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დღეს განსაზღვრულ პრეზიდენტის ფუნქციებს,“ - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
ამ დროისთვის ცესკო-ში დავით უსუფაშვილთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციის მიზნით 12 განაცხადია შესული.