მოსალოდნელ საარჩევნო მანიპულაციებზე "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი აბესაძე საუბრობს.
ირაკლი აბესაძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად სხვადასხვა მანიპულაციას მიმართოს, რადგან აბესაძის თქმით, „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირებულია.
ირაკლი აბესაძე გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით და სუს-ის თანამშრომლებით აკომპლექტებს. აბესაძე აცხადებს, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს.
„არ არის გასაკვირი, რომ სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ კანონმდებლობის დარღვევით ეცდება სხვადასხვა მანიპულაციებს, რომ ხელოვნურად მოიპოვოს გარკვეული უპირატესობა არჩევნებზე, მათ შორის, ამაში ჩართული იქნება როგორც ცესკო და საოლქო კომისიები და ეს კონკრეტული ფაქტიც ადასტურებს ამას, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, ეცდება მსგავსი მანიპულაციებით გარკვეული შედეგის დაფიქსირებას,“ - განაცხადა აბესაძემ.
დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიას აკომპლექტებს „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის წევრების ახლობლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში ფაქტობრივად საარჩევნო შტაბებს ეს უკანასკნელები აკონტროლებენ.
ამის დასადასტურებლად გიორგი ვაშაძემ იმ პირთა სიაც გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ კონკრეტულ საარჩევნო კომისიებში დანიშნულები არიან "ქართული ოცნების" ოჯახის წევრები.