ლირა და თურქეთის ეკონომიკა ამერიკასთან ურთიერთობის გამწვავების შემდეგ ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. ერთი დოლარის ღირებულება 7 ლირას უახლოვდება. უთანხმოება ორ ისტორიულ მოკავშირეს შორის კრიტიკულ ზღვარზეა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საავტორო სტატია „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოაქვეყნა და დონალდ ტრამპს ოფიციალური ანკარის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი ვაშინგტონს ახალი მოკავშირეების მოძებნით დაემუქრა.
პირველი, ვისთან მეგობრობასაც თურქეთის ლიდერი განიხილავს, რუსეთია. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხზე ვლადიმერ პუტინს ტელეფონით უკვე ესაუბრა.
თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობასაც არწმუნებს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებულ ეკონომიკურ ომს არ წააგებს.
ოფიციალურმა ვაშინგტონმა ანკარას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული გადასახადი გაუზარდა.
ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ერთი თვის წინ დაიძაბა, როდესაც დონალდ ტრამპი თურქეთს ამერიკელი სასულიერო პირის პატიმრობაში ყოფნის გამო მასშტაბური სანქციების დაწესებით დაემუქრა.
შეერთებულ შტატებთან უთანხმოების ფონზე თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. ლირის ღირებულება დოლართან მიმართებით 2018 წლის დასაწყისიდან უკვე 40 პროცენტით დაეცა, ბოლო 24 საათში კი დამატებით 16-პროცენტიანი ვარდნა განიცადა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ფასი უკვე 7 ლირას უახლოვდება.