20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთის დასეტყვილი სოფლები  - "ევროპული საქართველო" ხელისუფლებას დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდებს

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას სამცხე-ჯავახეთის სტიქიისგან დაზარალებული სოფლების დახმარებისკენ მოუწოდებს. პარტიის წევრები შესაბამისი კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.

"ევროპულ საქართველოში" განმარტავენ, რომ კარტოფილის მოსავალი, რომელიც სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა, ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სამცხე-ჯავახეთის 15-მდე სოფელი 20 დღის წინ დაისეტყვა.

“როდესაც მათ მიმართეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, იქ აუხსნეს, რომ დახმარება არ იქნება. შემდეგ, დაახლოებით 27 ივლისს, ჩამოვიდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და იქაც უთხრეს, რომ დახმარება არ იქნება. მიყენებული ზიანის შედეგად, ადამიანები დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე, შესაბამისად, აუცილებელია შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს მიყენებულ ზიანს და ადეკვატურად დაეხმარება მოსახლეობას,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ ჯავახეთის რაიონული ორგანიზაციის წევრმა არსენ კარაპეტიანმა და აღნიშნა, რომ სტიქიამ შესაძლოია სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს ჯავახეთში.

„ამ ბოლო თვის განვითარებულმა სტიქიამ შეიძლება სერიოზული ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს ჯავახეთში და ამ ფონზე, ვხვდებით დაზარალებულებს და ყველა ერთხმოვნად აცხადებს ერთ რამეს, შევხვდით ადგილობრივ ხელისუფლებას, წარმომადგენლებს და არანაირი რეაგირება.  ადრე დაპირებები მაინც იყოო, ახლა სამწუხაროდ, დაპირებებიც აღარ არის, უბრალოდ არის მშრალი პასუხი - ვერ დაგეხმარებით,“ - აღნიშნა არსენ კარაპეტიანმა.

დღის ამბები