"ლეიბორისტული" პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. შალვა ნათელაშვილმა პროცესი რუსთაველის მეტროდან დაიწყო და ამომრჩეველს გაესაუბრა.
ნათელაშვილის განცხადებით, ის კონსტიტუციის თანახმად იღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება.
„დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მთელ საქართველოში ხალხს, ვინც მხარდაჭერას ხელმოწერითაც ადასტურებს პროცედურების შესაბამისად. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, დაიღალა პოლიტიკოსთა დაპირებებით არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ იმის ახსნით, თუ რატომ არ სრულდება წინასაარჩევნო დაპირებები. არავითარ დაპირებას არ ვიძლევი. ვიღებ ვალდებულებას, რომ კონსტიტუციის თანახმად, ყველა უფლება ჩვენი ხალხის იქნება დაცული და ვინც ამას არ გააკეთებს, მას არ ექნება 24 საათი მშვიდი ძილი ჩემგან,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.