ოპოზიცია ცესკო-ს არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში ადანაშაულებს. საკუთარი პრეტენზიები ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს არასამთავრობო სექტორს გააცნეს.
საუბარია საოლქო კომისიების ნეიტრალურ კვოტაზე, რომელიც წესით მიუკერძოებელი კადრებით უნდა დაკომპლექტდეს, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ამ კვოტას სუს-ი და „ქართული ოცნება“ ავსებენ.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი აცხადებს, რომ დაკომპლექტების წესში ძირეული რეფორმა უნდა განხორციელდეს.
„წლების პრაქტიკა არის და ხშირი ყოფილა, როდესაც მაგალითად, წინა არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და წარდგენილი კომისიის წევრები შემდგომ უკვე შემდგომ არჩევნებზე გადაინაცვლებდნენ და პროფესიული ნიშნით ირჩეოდნენ, თუმცა, საკანონმდებლო დონეზე ამ მხრივ აკრძალვა არ არის და ჩვენი რეკომენდაცია სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ შეიცვალოს დაკომპლექტების წესი, ძირეული რეფორმა განხორციელდეს და რეალურად, ასე ვთქვათ, პროფესიულად არჩეული პირები, სწორედ ნეიტრალურობის პრინციპიდან გამომდინარე ირჩეოდნენ,“ - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობს „ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, გაყალბება მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება.
„მე ვაფრთხილებ თამარ ჟვანიას, მოგიწევს აბსოლუტურად პასუხის გაცემა ყველაფერზე, პირადად თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ ყველა საკითხთან დაკავშირებით და სამართლებრივად, კანონის შესაბამისად, როგორც აქამდე მოგვიგია, ისე გავიმარჯვებთ ამ პროცესშიც,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.