სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატმა საინიციატივო ჯგუფის სახელით განაცხადი რამდენიმე წუთის წინ შეტანა. საინიციატივო ჯგუფში 12 ადამიანია, მათ შორის არიან მსახიობები, რეჟისორები, პუბლიცისტები და სხვა საზოგადო მოღვაწეები.
დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო. ზურაბიშვილი მის მხარდამჭერებთან ერთად, მთელი კვირის განმავლობაში იმუშავებს, იმისათვის, რომ 8 სექტემბრისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 26 ათასამდე ხელმოწერა წარუდგინონ.
პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ის საარჩევნო კამპანიას, მისი დიდი ბაბუის, ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმიდან დაიწყებს.
„ყველა ჩვენი მხარდამჭერი თბილისში და რეგიონებში დაიწყებენ ამ ხელმოწერების შეგროვებას ჩემი ჩართულობით. მეც ვივლი იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა, რომ მეც დავეხმარო ამ ხელმოწერების შეგროვებაში. ვიწყებ ჩემ კამპანიას ოფიციალურს, გარდა ამ ხელმოწერებისა, რომელიც ხვალვე დაიწყება თბილისში. ვიწყებ ხუთშაბათს დიდ ჯიხაიშში, რომელიც ზოგმა იცის და ბევრმა უნდა იცოდეს, არის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ადგილი და მე მგონია, რომ სწორია, რომ იქიდან დავიწყო ჩემი კამპანია და იქიდან განვაცხადო, თუ რა იქნება ჩემი პრეზიდენტობის ხედვა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრები, სალომე ზურაბიშვილის პროფესიულ გამოცდილებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„იყო საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი. მერე იყო ძალიან დიდი მისიებში იყო საფრანგეთის, ამ უზარმაზარი ქვეყნის წარმომადგენელი. ეს არის გამოცდილება. ეს არის ის გამოცდილება, ესე იგი იცის ვის როგორ უნდა დაელაპარაკოს,“ - განაცხადა თემურ ბაბლუანმა.