20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ჭუბერის თემში ადგილობრივებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემში ადგილობრივებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში, სამი საათი მიმდინარეობდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, არსებობს ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს და რომლის განხილვაც მოკლე ვადებში მთავრობის სხდომაზე მოხდება.

მისი თქმით, ხე-ტყის ჭრა კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს, ჭუბერის თემის მოსახლეობა სამუშაოების დაწყების ნებართვას ითხოვს. მათი განმარტებით, სხვა შემოსავლის წყარო არ არსებობს ამიტომ ხელისუფლება დათმობაზე უნდა წავიდეს.

„არის რა თქმა უნდა, უკანონო საქმიანობის გარკვეული ნაწილიც, რომელსაც სახელმწიფოსთან დიალოგის ფარგლებში მოგვარება სჭირდება იმისთვის, რომ ეს საქმიანობაც კანონის ფარგლებში მოექცეს. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ ინფორმაციას, რაც მოვისმინეთ და დარგობრივ პრობლემებს აჩვენებს სხვადასხვა სამინისტროს ნაწილში, მოვახსენებთ პრემიერ მინისტრს, მთავრობის სხდომაზე შედგება მსჯელობა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ კანონიერად მუშაობის საშუალება ყველას ექნება.

„საქართველოში უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. კანონიერად მუშაობის საშუალება ექნება ყველას, ეს იყო პრინციპი, რაზეც ჩვენ შევჯერდით, მაგრამ უკანონო მუშაობისთვის არ იქნება სივრცე,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

დღის ამბები