„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკების მფლობელები ივანიშვილთან ერთად აუცილებლად დასხდებიან საბრალდებო სკამზე,“ - ეს განცხადება, საქართველოს "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის პოლიტიკას უკავშირებს.
„ქართული ოცნების მმართველობის 6 წლის მანძილზე სამ მილიარდ ნახევარზე მეტია ჩვენგან წაგლეჯილი. ეს არის უდიდესი საერთაშორისო საფინანსო დანაშაული და სპეციალური საფინანსო ტრიბუნალის შექმნა გარდაუვლად ელოდება ივანიშვილს და მის ბანდას,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
დღეს ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში უკვე 2 ლარი და 64 თეთრია. ბოლო 5 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა უკვე 11 თეთრით გაუფასურდა.