საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს უნდობლობას უცხადებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევისთვის გასამართ კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება შეცვალა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გიორგი მარგველაშვილს აღარ შეხვდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის პირველი პირი უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ხელმძღვანელად დამოუკიდებელი კანდიდატურის შერჩევას ვერ შეძლებს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კინკლაობა უწოდა ჩვენთან საუბარს, არადა უმრავლესობა არის ის ჯგუფი, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უზენაესის თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით. ასეთი დამოკიდებულებით აზრი არ ექნება, ფორმალობა იქნება ჩვენი საუბარი და რეალურად რეალური კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩამოყალიბდეს ორი მთავარი სუბიექტი - პრეზიდენტი და პარლამენტის უმრავლესობა კანდიდატთან დაკავშირებით, ვერ მოხერხდება, როგორც ჩანს. პრეზიდენტს შეუძლია, თავად გააგრძელოს პროცესი, წარმოადგინოს კანდიდატურა და კანდიდატურიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავუჭერთ თუ არა მხარს. თითქმის, ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე კანდიდატები, რომლებიც იყვნენ პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილები, იყვნენ მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები, ეს გარკვეულ სკეპტიციზმს გვიჩენს. ჩვენ არ გვინდა აპრიორი წინააღმდეგობა გამოვუცხადოთ ამ პროცესს, უბრალოდ ჩვენი ჩართვის შედეგს ვერ ვხედავთ,“- განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.