ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას ოპოზიცია მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს.
მთავრობასთან ერთად ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე. დეპუტატის თქმით, ლარის გაუფასურება თურქული ლირის დევალვაციასთან კავშირში არ არის და მისი განმარტებით, ამაში ბრალი ხელისუფლების პოლიტიკას მიუძღვის.
„ფუნდამენტური ეს არის მთავრობის და ეროვნული ბანკის სერიოზული შეცდომები და ეკონომიკური სტაგნაცია, რომელიც ყოველთვის ქმნის ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების რისკს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
დღეს ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში უკვე 2 ლარი და 64 თეთრია. ბოლო 5 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა უკვე 11 თეთრით გაუფასურდა.
Bloomberg-ზე 1 დოლარის ყიდვა 2.63 თეთრად მიმდინარეობს. უკვე 2 საათში კი რა გაცვლითი კურსი დადგინდება, ეს ჯერ უცნობია. თუმცა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ლარი დღესაც გაუფასურდეს.