„მთავრობა აბსოლუტურად მოუმზადებელი ხვდება ლარის ყოველ რყევას, არათუ ხვდება, ხშირ შემთხვევაში თვითონ არის განმაპირობებელი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.
ეროვნული ვალუტის რყევას ზურაბ ჭიაბერაშვილი არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებს, რომ მთავრობას არ აქვს კონკრეტული ინსტრუმენტი, რომლითაც ლარის კურსის გაუფასურებას გარე ფაქტორებისგან დაიცავს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი უახლოეს მომავალში ფასების ზრდას არ გამორიცხავს.
„შემდგომი საშიშროება ეს არის ფასების ზრდა, რაც ძალიან დაარტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს და ახლა სწორედ ამიტომ არის საჭირო ძალიან მწყობრი პოლიტიკა მთავრობის მხრიდან, რაც გამორიცხულია ივანიშვილის მთავრობის პირობებში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ლარი და ჩვენი ეკონომიკა მუდმივად იქნება ავად,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
დღეს ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში უკვე 2 ლარი და 64 თეთრია. თუმცა, Bloomberg-ზე 1 დოლარის ყიდვა 2.63 თეთრად მიმდინარეობს. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი 2 საათში უნდა დაადგინოს. Bloomberg-ზე არსებული მონაცემების გათვალისწინებით ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ლარი დღესაც გაუფასურდეს.
ბოლო 5 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა უკვე 11 თეთრით გაუფასურდა.