ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს ბოლო სხდომას მართავს. დეპუტატები ამერიკაში მყოფ ბიზნესმენს, ივანე ნაკაიძეს skype-ით რამდენიმე წუთში დაკითხავენ.
ნაკაიძე დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულის ბიძაა. დეპუტატები ნაკაიძისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას ვარაუდობენ. გამოკითხვა დახურულ რეჟიმში ჩატარდება,
„მას შესაძლებელია ჰქონდეს ინფორმაცია, როგორც მომხდარი დანაშაულის შესახებ მისი დის შვილისგან, ასევე მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა გამოძიება, ხდებოდა თუ არა გამოძიებაში გარე ჩარევა, რა შემხებლობა ჰქონდა მას შსს-ის თუ პროკურატურის მაღალჩინოსნებთან, გამომძიებლებთან, ამ მიმართულებით დაისმება შესაბამისი შეკითხვები,“- განაცხადა საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
გამოკითხვების დასრულების შემდეგ საგამოძიებო კომისია ინფორმაციის შეჯამებასა და გაანალიზებას დაიწყებს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა პარლამენტის ბიუროს სექტემბერში უნდა წარედგინოს.