ამერიკის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის ლეტალური იარაღის მიყიდვის შესახებ, ექსპერტები და პოლიტიკოსები უმნიშვნელოვანეს უწოდებენ. ამერიკის შეერთებული შტატების 2019 წლის თავდაცვით ბიუჯეტში, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა უკვე გაწერილია.
ანალიტიკოსების თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ სწორად უნდა გამოიყენოს.
დონალდ ტრამპმა ხელმოწერით, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ბიუჯეტი დაუმტკიცა თავდაცვას, სადაც კონკრეტული ნაბიჯებია გაწერილი - თუ რას იზამს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარდასაჭერად.
„საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ხდება ამერიკული სტრატეგიული ინტერესების ერთ-ერთი შემადგენელ ნაწილი. ამ კომპონენტში, ბუნებრივია მოიაზრება კონკრეტული სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, ეს იქნება საჰაერო, ანტი სატანკო თუ სხვა კომპონენტები. უფრო მეტი კოორდინაცია ჩვენ პარტნიორებთან, შავ ზღვაზე გაზრდილი სამხედრო წვრთნები და აქ საქართველოს როლის გაძლიერება. ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც აქედან უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სტრატეგიული ინტერესების ფონზე, სასურველია და აუცილებელია, რომ საქართველომ გაზარდოს თავისი წილი მონაწილეობა,“ - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი დავით სიხარულიძე ამბობს, რომ კანონი, რომელსაც ხელი აშშ-ის ლიდერმა მოაწერა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსთვის.
„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს გახლავთ ასევე მთლიანად ევროპული უსაფრთხოების პრობლემა. ამ თვალსაზრისით, ამ კანონმდებლობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად განვავითაროთ ჩვენი თავდაცვა, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ახლა სწორედ საბიუჯეტო დაფინანსება გაიზარდოს ჩვენი თავდაცვის, იმისათვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს,“ - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა დავით სიხარულიძემ.
შეფასება გააკეთა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემაც.
„ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება, რომ დღეს ვისარგებლოთ ამ მომენტით და რაც შეიძლება მეტი მოვითხოვოთ ამერიკელებისგან, რომ შედეგ ისეთ რაღაცაზე დავყაბულდეთ, რომელიც ხეირიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.