დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელიც საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას გულისხმობს, სასაზღვრო პოლიციაში ეხმაურებიან.
სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის, თემურ კეკელიძის განმარტებით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, მოხდება საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაზე ნატოსა და სხვა მრავალეროვნული სწავლებების რაოდენობის და სიხშირის გაზრდა. მისი თქმით, ალიანსის გადაწყვეტილებით, ხდება საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება და ამ პროცესში წამყვანი როლი შს სამინისტროს პოლიციის სანაპირო დაცვას ეკისრება.
„დოკუმენტში ხაზგასმულია, შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი სამხედრო ბალანსი და გათვალისწინებულია ამ კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაზე ნატოსა და სხვა მრავალეროვნული სწავლებების რაოდენობის და სიხშირის გაზრდა. თქვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წილის ბრიუსელის სამიტზე, ალიანსმა გადაწყვიტა განავითაროს საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას ეკისრება წამყვანი როლი აღნიშნული ინიციატივების განხორციელებაში,“ - განაცხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ.
ამერიკის პრეზიდენტის ხელმოწერით ძალაში შევიდა დოკუმენტი, რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისთვის 716 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.