19 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
„გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არასახელმწიფოებრივია" - ირაკლი კობახიძე

„გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის, სამწუხაროდ, არასახელმწიფოებრივი,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან მმართველი გუნდი პრეზიდენტს უნდობლობას უცხადებს.

ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპატიის გამოხატვაში დაადანაშაულა და ამის გამო ღიად უსაყვედურა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილისა და "რუსთავი 2-ის" საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება გაიხსენა. 

„გიორგი მარგველაშვილი რეგულარულად არღვევდა პრინციპებს, როდესაც საქმე ეხებოდა სასამართლოში კადრების გამწესებას, იყო საუბარი თანამშრომლების გამწესებაზე, იყო არაერთი გადაცდომა სხვა მხრივაც, ეს გვიჩენს განცდას, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელებს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ სუბიექტური ინტერესებით, რასაც აქამდე ადგილი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მეც მიმაჩნია, რომ ამ კონსულტაციებს დიდი აზრი არ ექნება. მოლოდინი არის პესიმისტური, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. პრეზიდენტს აქვს თავისი პრეროგატივა, პარლამენტს აქვს თავისი პრეროგატივა,  ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პრეროგატივის შესაბამისად.

"მისი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის, სამწუხაროდ, არასახელმწიფოებრივი, ეს მან არაერთხელ გამოავლინა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლომ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და სამივე შემთხვევაში სასამართლო გახდა დარტყმის ობიექტი პრეზიდენტის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ სამივე შემთხვევა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხებოდა. ეს იყო სააკაშვილის ორი საქმე, სადაც ის გამტყუნდა კონკრეტულ დანაშაულებში, ეს იყო ასევე „რუსთავი 2"-ის საქმე, როგორც კი უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალურ მოძრაობას,“ მარგველაშვილი მაშინვე ხდება აგრესიული, ის გადადის შეტევაზე, ეს არის მისი კერძო დამოკიდებულება, მას აქვს თავისი სუბიექტური განწყობები, მოლოდინები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები