19 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ოპოზიციის წევრი ოზურგეთის გუბერნატორს მერზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს

ოპოზიციის წევრი დავით მჟავანაძე ოზურგეთის გუბერნატორს მერზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს. მჟავანაძის განცხადებით, სოფელ ლიხაურის მცხოვრებლების მხარდაჭერის გამო, რომლებიც მათ სოფელში კარიერების არსებობას აპროტესტებდნენ, კრიმინალები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ამ ფაქტთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ მუნიციპალიტეტის მერს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს მოხდა დღისით, მზისით, ადმინისტრაციული შენობის წინ. ეს არ არის კონკრეტულ პირზე თავდასხმა, ეს არის ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა. ამ ყველაფრის უკან დგას გუბერნატორი, ასევე დგას არჩილ თალაკვაძე,“- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ.

ოპოზიციის წევრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გუბერნატორიც და მერიც უარყოფენ.

ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, მასზე არანაირი თავდასხმა არ მომხდარა და გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

ვიცე-მერი ალექსანდრე სურგულაძე კი „კურიერთან“ საუბარში ყვება, რომ კარიერის ლიცენზიანტებსა და მერს შორის ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ საუბარი მართლაც შედგა, თუმცა ფიზიკურ ძალადობასა და თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და ისინი ემოციურად საუბრობდნენ.

დღის ამბები