სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტაციისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მას 26 ათასამდე მხარდამჭერის ხელმოწერა სჭირდება იმისთვის, რომ ცესკო-მ ოფიციალურად დაარეგისტრიროს.
სალომე ზურაბიშვილმა განცხადება საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მმართველი პარტია მხარს დაუჭერს.
ზურაბიშვილი რაიმე სახის კონსულტაციების მიმდინარეობას, ამ ეტაპზე, არ ადასტურებს.
„მე უნდა აბსურდული რამე ვთქვა, რომ თუკი უმრავლესობის მხარდაჭერა არ იქნება ჩემი კანდიდატურის მიმართ, რომ ეს არ იმოქმედებს იმ მოსახლეობაზე, რომლის უმრავლესობა მათ უჭერს მხარს. მაინც მაქვს იმედი ამ მხარდაჭერის. ორი სხვადასხვა რამეა, ერთი - შენი გადაწყვეტილების მიღების რა არის მიზეზი და მეორე, რომ ამ გადაწყვეტილების პროცესში, შენ იყო რეალისტი, უყურებდე რა ხდება ქვეყანაში და ვისი იმედით შეიძლება იყო. მე რომ ვერ ვიქნები სხვა პარტიების იმედით, ეს ფაქტია. მოსახლეობაში უმრავლესობა არის ერთი პარტიის მხარდამჭერი. მეც ამ პარტიას დავუჭირე გარკვეულ წილად მხარი წინა პერიოდში. მან დამითმო მაჟორიტარის ადგილი მთაწმინდაზე, ამიტომ, ძალიან ბუნებრივად, მაქვს იმედი, რომ ეს პარტია, დღესაც, გარკვეულწილად მხარს დამიჭერს. მაგრამ, ჩემი გადაწყვეტილება მაინც არის დამოუკიდებელი, ამ იმედზე არ არის მხოლოდ დაფუძნებულ და რაც არ უნდა მოხდეს, მე ბოლომდე გავალ ამ კანდიდატურით და არ დავიხევ უკან,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.