19 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
დაუჭერს თუ არა მხარს "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს - მმართველ პარტიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

მმართველი გუნდის ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა დაასახელოს, ნაწილი კი დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს უჭერს.

„გადაწყვეტილება ჩვენ არ გვქონდა მიღებული, რომ დავუჭერდით მხარს სალომე ზურაბიშვილს, მე ვცემ პატივს ქალბატონ სალომეს, მაგრამ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ არ გვქონდა მიღებული, გადაწყვეტილებას თუ ვის დავუჭერთ მხარს, თვის ბოლოს მივიღებთ,“- განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

 „ქართულ ცნებაში“ ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ დაუჭერენ თუ არა მხარს უშუალოდ სალომე ზურაბიშვილს. გადაწყვეტილება ამ საკითხზე სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

„პრეზიდენტობის კანდიდატის პარტიულ კუთვნილებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უფრო მისი პიროვნული თვისებები მაინტერესებს ხოლმე. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ვფიქრობ, რომ იმ ფუნქციებისთვის და სტატუსისთვის, რაც დღევანდელ პრეზიდენტს მოეთხოვება, სავსებით შესაბამისია მისი პიროვნება, მისი მონაცემები, მისი წარსული, აწმყო და მომავალშიც, ალბათ, გააგრძელებს ისეთივე მოღვაწეობას, როგორსაც აქამდე აგრძელებდა - ქვეყნისთვის სასიკეთოს,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრმა, მირიან წიკლაურმა.

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამაც გააკეთა.

„თქვენ იცით, ჩვენი გუნდის პოზიცია, რომ გუნდს არ ეყოლება საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი, თუ პოზიციას დაიჭერს ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით, ამაზე გუნდს ექნება თავისი პოზიცია, რომელსაც ახლო მომავალში გაჟღერებს, ეს შეიძლება მომავალ კვირასაც მოხდეს,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები