შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატს - ისკო დასენს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „კრისტალბეთის“ მფლობელია, რაც კონსტიტუციით აკრძალულია.
შრომის პარტიის ლიდერი პირობას დებს, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტოტალიზატორების ქსელი ქალაქგარეთ განთავსდება.
აქცია ნათელაშვილმა, სიმბოლურად, „კრისტალბეთთან“ გამართა, სადაც კომპანიის თანამშრომლებსა და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„ამ წუთას ჩვენ ვართ პარლამენტის წევრ, ივანიშვილის მარჯვენა ხელ, მილიონერ, კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვის მოლარე - ისკო დასენის კაზინოსა და ტოტალიზატორთან. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ვერცერთი ოლიგარქი პოლიტიკაში ვერ გაიჭაჭანებს, ეს კაზინოები ქალაქგარეთ, ძალიან შორს გადავა, რომ ვერ მიუდგეს ვერც ხალხი და ვერც ახალგაზრდობა,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.