„უპრაკუნოდ ხარჯავს“- ასე შეაფასა პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ თანხების ხარჯვა. გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხარჯების შესახებ აუდიტის დასკვნას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პრეზიდენტთან და მის გუნდთან კითხვები აქვთ.
„თავის თავისთვის იცხოვრა ამ პოსტზე ამ პერიოდის განმავლობაში და არც ის ორი მილიონი მიკვირს. უპრაკუნოდ იმ მოსაზრებებით და გემოვნებით ხარჯავს, რაც თვითონ გააჩნია. პასუხისმგებლობა, პრაქტიკულად, არაფერზე აქვს,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელფასებსა და მომსახურებაზე 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მათგან დანამატების და პრემიის სახით ორ მილიონამდე ლარი გაიცა.