19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ხელფასებსა და მომსახურებაზე დახარჯული 13 მილიონი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების შესახებ აუდიტის დასკვნას ოპოზიცია ეხმაურება

ხელფასებსა და მომსახურებაზე დახარჯული 13 მილიონი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების შესახებ აუდიტის დასკვნას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის განცხადებით, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისას ყველა ინსტიტუტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების თქმით, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან პრემიებისა და დანამატების დაუსაბუთებლად გაცემა გაუმართლებელია.

„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გაზრდილია სიღარიბე და „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და პრემია-დანამატების გაცემის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მტკივნეული საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, გაუმართლებელია მათ შორის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ასევე პრემია-დანამატების ისე ჩამორიგება, რომ ამას არანაირი დასაბუთება არ აქვს, როგორც ამას აუდიტის სამსახური აცხადებს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი კი პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, აუდიტის დასკვნა შესაძლოა, პოლიტიკურ მოტივებს შეიცავდეს.  

„მილიონი ლარი პრეზიდენტმა გასცა 120 კაცზე, როდესაც მილიონ ლარს ღებულობდა რამდენიმე მინისტრი, ერთი წლის განმავლობაში ზოგიერთი მინისტრი ღებულობდა ხელფასზე ორჯერ მეტ პრემიას და დანამატს და არავის მოუთხოვია მათთვის დასაბუთება თუ რატომ აკეთებდნენ ამას. ასე, რომ ამ დასკვნას გარკვეული პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

აუდიტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელფასებსა და მომსახურებაზე 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მათგან დანამატების და პრემიის სახით ორ მილიონამდე ლარი გაიცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები