19 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
სავარაუდო კორუფციის ფაქტები რუსეთის ინტერესების სექციაში - რუსეთის საგარეო უწყების პასუხს ქართველი კანონმდებლები აბსურდულს უწოდებენ 

არიან თუ არა ჩართული რუსეთის საკონსულოს თანამშრომლები უკანონო ვაჭრობაში - ამ კითხვაზე "რუსთავი2"-სთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაცემულ პასუხს, თბილისში ეხმაურებიან. 

ოფიციალური მოსკოვის პასუხში კი აღნიშნულია, რომ ამ თემაზე კონკრეტული პასუხი რუსეთის საგარეო უწყების გვერდზე დევს.

უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ ვითარება გართულებულია, თუმცა ეს ადგილობრივი, ქართველი კრიმინალური ელემენტების ბრალია.

საგარეო უწყების ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებს  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.  თამარ ხულორდავა რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლებს მოუწოდებს, პროცესებს ორგანიზება გაუწიონ. 

„სრულიად აბსურდულია ეს განცხადება, რომელიც გააკეთა გრიგორი კარასინმა. ის, რაც ხდება და თუკი რამე ხდება, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეებს გარკვეულ ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან. როგორ ვერ მოაწესრიგეს და წესრიგს ვერ იცავენ და ვერ უზრუნველყოფენ იმას, რომ ადამიანებმა თავისი ღირსების დაცვით მოახერხონ იმ სერვისის მიღება, რომელიც ინტერესთა სექციაში უნდა გაიცეს. ამიტომ,  მე მოვუწოდებდი მათ, რომ ცოტა უკეთ მოახდინონ საკუთარი პროცესების ორგანიზება და ამ შემთხვევაში, არ იქნება რიგები და არ შეექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს ასეთი გაუმართლებელი დაბრკოლებები,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ. 

„თუ მიზეზი და საფუძველი არ არის, არავითარი დაჯგუფება იქ არ იქნება. ადამიანებმა, რომლებმაც იციან, რომ გარკვეული საქმიანობიდან გარკვეულ დივიდენტს მიიღებენ, რასაკვირველია, იმის იმედიც აქვთ, რომ ამ დივიდენდის მიღებაში ანგარიშს გაუწევს ის სტრუქტურა, რომელზეც ჩვენ ყველა ვლაპარაკობთ, ეს რუსული საკონსულოს წარმომადგენლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც დაჯგუფება შეიქმნება და არც სტრუქტურები. შესასწავლია საკითხი კარგად და თუ რაიმე არის კანონსაწინააღმდეგო, რასაკვირველია, შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული,“ - განაცხადა გიორგი ვოსლკიმ.

დღის ამბები