სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, სახელმწიფოს მეთაურისა და მისი გარემოცვის მისამართით მწვავე განცხადებების მიზეზი გახდა. მთავარმა მაკონტროლებელმა ორგანომ დაითვალა და დაადგინა ის თანხა, რომელიც ხელფასების პარალელურად ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაიცა.
პრეზიდენტმა თანამშრომლებს ხელფასის გარდა, დამატებით თითქმის ორი მილიონი ლარი გადაუხადა. დანამატი და პრემია, როგორც აუდიტის სამსახურმა გაარკვია, ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემა. ფინანსური აუდიტი 2017 წელს მოიცავს, სულ საუბარი 120 თანამშრომელზეა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსური აუდიტის შედეგებს დღეს პარლამენტში განიხილავდნენ. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას შეკითხვები გიორგი მარგველაშვილის ხარჯებთან დაკავშირებით დოკუმენტის გამოქვეყნებამდეც ჰქონდა, მათ შორის ისეთ საკითხზე, რომელიც მაკონტროლებლის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტს სამივლინებო ხარჯების გამო აკრიტიკებენ.
ოპოზიციის აზრით, პრემიებისა და დანამატების გაცემაში პრეზიდენტი გამონაკლისი არ არის. მმართველი გუნდის ოპონენტები ისევ სახელფასო პოლიტიკის მოუწესრიგებლობაზე საუბრობენ. პარლამენტის წევრები თვლიან, რომ დანამატებთან დაკავშირებით ბევრად ცუდი ვითარება სხვა უწყებებშია, ამიტომ აუდიტის სამსახურის კრიტიკულ დასკვნის უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.
აუდიტის დასკვნაში საკმაოდ ვრცლად არის განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საახალწლო ღონისძიებისთვის გაწეული ხარჯიც.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ გამოხმაურებია.