19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
კონსულთან შეხვედრის გარანტია 200 დოლარის სანაცვლოდ - რუსეთის ინტერესების სექციასთან გადაღებული ფარული კადრები და ლავროვის უწყების პასუხი "რუსთავი2"-ს 

არიან თუ არა ჩართული რუსეთის საკონსულოს თანამშრომლები უკანონო ვაჭრობაში - "რუსთავი2"-ს კიდევ ერთი ვიდეომასალა მიაწოდეს, რომელიც დღეს დილით  რუსეთის ინტერესების სექციასთან არის გადაღებული და რომელიც სავარაუდოდ რუსეთის ვიზის სანაცვლოდ, თანხის გადახდის ფაქტს ასახავს. 

მოქალაქის თვალწინ, სხვამ შუამავალს 200 დოლარი გადაუხადა და რიგი იყიდა - ანუ მიიღო გარანტია, რომ ხვალ დილით კონსულთან ურიგოდ და უპრობლემოდ მოხვდება. ამ ვიდეოს გარეშეც, რუსეთის ინტერესთა სექციის წინ დღესაც იდგნენ ადამიანები, ვინც ადასტურებდა, რომ ე.წ. შუამავლებისთვის ქრთამის გადახდის გარეშე რუსეთის ინტერესების საელჩოსთან თვეები უნდა იდგე რიგში და შესაძლოა ვიზას მაინც ვერ მიიღო. 

რუსეთის ვიზების კორუფციულ სკანდალს ლავროვის უწყება ეხმაურება. "კურიერმა" მიიღო პასუხი მოსკოვში, დიპლომატიურ უწყებაში გაგზავნილ წერილზე. 

რუსეთის ინტერესების სექციასთან დაუსრულებელ რიგებსა და შექმნილ ვითარებას რუსეთის საგარეო უწყება ქართველებს აბრალებს. "რუსთავი 2"-ს დღეს რუსეთის საგარეო უწყებიდან ოფიციალურ წერილზე პასუხიც მოუვიდა. წერილში განმარტებულია, რომ "რუსთავი 2"-მა კითხვის პასუხად, შეიძლება გრიგორი კარასინისა და რუსეთში შვეიცარიის ელჩის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება მიიღოს, სადაც წერია, რომ რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ გაუარესებული ვითარება, ადგილობრივი, ანუ ქართველი კრიმინალური ელემენტების ქმედების შედეგია.

კითხვას - არიან თუ არა რუსეთის საკონსულოს თანამშრომლები ჩართული ვიზების უკანონო ვაჭრობის საქმეში, წესით გამოძიებამ უნდა უპასუხოს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით 2 კვირის წინ, "შაბათის კურიერში" გასული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ აღძრა. 

რუსეთის ინტერესთა სექციის წინ დღესაც იდგნენ ადამიანები, ვინც ადასტურებდა, რომ ე.წ. შუამავლებისთვის ქრთამის გადახდის გარეშე რუსეთის ინტერესების საელჩოსთან თვეები უნდა იდგე რიგში და შესაძლოა, ვიზა მაინც ვერ მიიღოს. 

საქართველოს მოქალაქეებს დღეს რუსეთის ინტერესების სექციაში დამატებითი განმარტებების გარეშე დაუანონსეს, რომ 17 აგვისტოდან სხვა მისამართზე ელიან. მათი ვებგვერდი იუწყება, რომ რუსული ვიზების ახალი ცენტრი პარასკევიდან ბესიკის 4 ნომერში გაიხსნება.

დღის ამბები