20 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
აუდიტის სამსახურის კითხვები ცესკო-ს მიმართ - პოლიტიკოსები დანამატების დაუსაბუთებლად გაცემის გამო პრობლემას ხედავენ

აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესვლას და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით დადებულ დასკვნას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან.

სახელმწიფო აუდიტს საარჩევნო პერიოდში გაცემულ დანამატებთან დაკავშირებით აქვს ცესკო-სთან კითხვები, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხარჯები კითხვებს ბადებს.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივნის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტიპის კითხვები ჩნდება ცესკო-ს მიმართ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხალხის ნების ასახვა.

„ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტიპის კითხვები ისმება, ეს არ არის, ასევე, პირველი შემთხვევა იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს ასევე, საკმაოდ სკანდალური პრემიერი, რომელიც გაიცემოდა ხოლმე პირადად თამარ ჟვანიას მივლინებებისთვის, ისევე, როგორც სხვდასხვა ხარჯებისთვის ცესკო-ში

თანხების მიზნობრივად ხარჯვის აუცილებლობაზე საუბრობს „შენების მოძრაობის” წევრი, თენგიზ შერგელაშვილი და აცხადებს, რომ ცესკო-ს თანამშრომლებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ხელფასი არ უნდა აიღონ.

„ჩვენ არ გვაქვს დღეს საბოლოო ჯამში, ის არჩევნები, რაც შეიძლება გვქონდეს ნორმალური, დალაგებული საარჩევნო სისტემის პირობებში და აქედან გამომდინარე, რესურსები ამაზე რომ დაიხარჯოს, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იმაზე, რომ ვთქვათ, ცალკეულ შემთხვევაში რაღაც საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი ხელფასები და ანაზღაურებები იყოს ცალკეული ადამიანებისთვის,“ - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი.

„რაც შეეხება აუდიტის სამსახურის დასკვნას, არამარტო ცესკო-მ არამედ ყველა ორგანიზაციამ, სადაც აუდიტის სამსახური, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტთან, შედის ამოწმებს და რეკომენდაციებს აძლევს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ეს რეკომენდაციები უნდა შეასრულოს,“ - აცხადებს ვოლსკი.

სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა უკავშირდება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს გაცემულ დანამატებს, როდესაც 210-მა ადამიანმა 3-თვიან მონაკვეთში მიიღეს მილიონ 700 ათასი ლარის დანამატი. პრობლემას აუდიტის სამსახურში ხედავენ იმაში, რომ ცესკო-მ ვერ შეძლო დასაბუთება, თუ რის საფუძველზე გაიცა დანამატები.

ამავე თემაზე
დღის ამბები