ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ექსპრემიერის, სერგეი შამბას განცხადებას, რომ საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა, ექსპერტები ეხმაურებიან. მათი თქმით, მოლოდინი არ უნდა გაჩნდეს, რომ შამბას კომენტარის შემდეგ მნიშვნელოვანი ძვრები მოხდება.
ანალიტიკოსებისთვის რთული სათქმელია რამ გამოიწვია სერგეი შამბას დღევანდელი განცხადების გაკეთება დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით. თუმცა ისინი ასევე ამბობენ, რომ შამბა ერთ-ერთ ყველაზე პრორუს პოლიტიკოსად რჩება.
„საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც პირდაპირი კონტაქტები შეიძლება ჰქონდეს შამბასთან, შეუძლიათ, გაარკვიონ, რასთან გვაქვს საქმე, რა პროცესებზე არის საუბარი, მგონი ხელიდან არ უნდა გავუშვათ ეს შანსები, თუმცა გარკვეული რისკები არსებობს. მთავარი რისკი არის ის, რომ სერგეი შამბა ძალიან ახლოს არის რუსეთთან, დღეს აფხაზეთში ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრორუს პოლიტიკოსად. არ გამოვრიცხავ, რომ ის რუსეთის გარკვეულ ინტერესებსაც აჟღერებს,“- განაცხადა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსების თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ წითელი ხაზები არ უნდა გადალახოს.
„როცა მოლაპარაკებაზეა საუბარი, ნებით არ უნებლიეთ, არ უნდა გავიყვანოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ან არაღიარების პოლიტიკის კონტექსტის გარეთ. იმიტომ, რომ სწორედ ამას ცდილობს მოსკოვი. ასევე საყურადღებოა ის, რომ თუ მართლა აფხაზეთის დეფაქტო პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მზად არის საერთო მომავალზე სასაუბროდ ერთობლივ სახელმწიფოში, ეს არ უთქვამს შამბას, მაგრამ ეს უნდა ქართული მხარის გზავნილი, რომ ერთობლივ სახელმწიფოში ორი ერის მომავალზე სასაუბროდ კი, მზად ვართ,“- განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა და ევროპული კვლევების დირექტორმა, გიორგი რუხაძემ.