თბილისის მერიის ურბანული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ალექსანდრე ტოგონიძეს დღეს საკრებულოს წევრები მოუსმენენ.
ტოგონიძე დღეს უნდა დაამტკიცონ დეპუტატებმა, თუმცა მანამდე მან საკრებულოს წევრებს საკუთარი ხედვა და პროგრამა უნდა გააცნოს.
მას საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
ალექსანდრე ტოგონიძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა კალაძემ წარადგინა. მანამდე კი ის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ შემავალ სამშენებლო კომპანიებში მუშაობდა. ოპოზიცია მხარის არ დაჭერის მიზეზად, სწორედ სამშენებლო ბიზნესში მის მოღვაწეობას და ამ მიმართულებით შესაძლო ინტერესს ასახელებს.
მათი აზრით, დედაქალაქის მთავრობას ივანიშვილი სანდო კადრებით აკომპლექტებს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ტოგონიძე თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი იქნება.
„ასეთი ადამიანები ინიშნებიან ერთი რამის გამო, რომ შემდგომში მათ ბიძინა ივანიშვილის მავნებლური დავალებები პირნათლად, ხმის ამოუღებლად და გაუპროტესტებლად დაამტკიცონ და ყველა ის პროექტი, რომელიც თბილისელებისთვის მავნებლურია, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტონ,“ - განაცხადა ნადირაძემ.
მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის კრიტიკა და ტოგონიძის საწინააღმდეგო არგუმენტები მიუღებელია. თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
„ყველა ჩვენ, ვინც გვყავს საქალაქო სამსახურის უფროსი, ეს არის „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის მიერ შერჩეული კანდიდატი და რომელზეც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.