საქართველოს პრემიერი გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ბრიფინგზე გამოეხმაურა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ანგელა მერკელის სტუმრობა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო ევროპისთვის სანდო პარტნიორია.
„მინდა გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, 23 აგვისტოს საქართველოს ეწვევა გერმანიის კანცლერი ქალბატონი ანგელა მერკელი, ეს გახლავთ ქალბატონი კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა ეს ვიზიტი მოიცავს ეკონომიკურ კომპონენტსაც. ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნეს წრეების წარმომადგენლებიც, რომლებთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი,“ - განაცხადა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, გერმანელ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრას ქართული კომპანიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
პრემიერის თქმით, გერმანიის კანცლერის სტუმრობის დროს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრებენ.
„წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად არის სანდო და საიმედო პარტნიორი,“ - განაცხადა პრემიერმა.