19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო რამდენიმეკვირიანი პაუზა, ვაკვირდებით მოვლენებს - პრემიერი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე

მმართველ გუნდს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

მამუკა ბახტაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე კვირიანი პაუზა აიღო და ჯერჯერობით მოვლენებს აკვირდება. 

ბახტაძის თქმით, მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით ჩაერთვება არჩევნების პროცესში, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიიღებს. 

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო რამდენიმეკვირიანი პაუზა. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ჩვენ  ვაკვირდებით იმასაც, თუ რომელი კანდიდატი დარეგისტრირდება და მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძე სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას პრეზიდენტის ამჟამინდელ რეზიდენციაში ყოფნას, ორბელიანების სასახლეში ყოფნა ურჩევნია. პრემიერის თქმით, მოქალაქეებს მინიმალური თანხა უნდა უჯდებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების შენახვა.

„ჟურნალისტებისთვის ძალიან ნათლადაა ცნობილი ჩემი მიდგომა, გადასახადების გადამხდელებს რა უნდა უჯდებოდეს სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა. ასე რომ, მე მაქვს ეს პრინციპული პოზიცია ყველა შტოსთან მიმართებაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაშიც ვრცელდება ჩემი მიდგომა“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები