19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პროფესიულ წრეებში უნდა სარგებლობდეს მაღალი ნდობის ხარისხით - პრემიერი

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პროფესიულ წრეებში უნდა სარგებლობდეს მაღალი ნდობის ხარისხით და უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეპუტაცია“, - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

პრემიერი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევას მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალი თავმჯდომარის მიმართ ნდობა მაღალი უნდა იყოს.

პრემიერმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მუშაობაც შეაფასა.

„პოტენციური კანდიდატის მიმართ მნიშვნელოვანია სწორედ პროფესიული წრეების ნდობა და მხარდაჭერა. ქალბატონ ნინოს რაც შეეხება, მან ამ საკითხზე გააკეთა დეტალური კომენტარი და მინდა მას ვუსურვო წარმატება. მან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წარმომადგენელი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება სასამართლოში კლანური მმართველობის არსებობას და კლანებს შორის დაპირისპირებას, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ამ პოზიციას არ იზიარებს, რადგან ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.

„ნამდვილად არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ რამე მსგავსი არსებობს ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც საპარლამენტო ტრიბუნიდანაც აღვნიშნე. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მართლაც რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეფორმები ფოკუსირებული უნდა იყოს პირველ რიგში სწორედ ამისკენ. მე მაქვს ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური მოლოდინები, რომ სასამართლო სისტემაში გასატარებელი რეფორმათა პაკეტი, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას აუცილებლად უზრუნველყოფს,“ - განაცხადა ბახტაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნინო გვენეტაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მას წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. თუმცა, ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები კლანებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობენ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

დღის ამბები