19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება გერმანიის კანცლერის მხრიდან - დავით ზალკალიანი ანგელა მერკელის ვიზიტზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

განცხადება დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

მინისტრის თქმით, ანგელა მერკელი საქართველოში ვიზიტისას მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილებს გაახმოვანებს. ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრის დროს გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის წინსვლის შესახებ ისაუბრობენ.

„მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება გერმანიის კანცლერის მხრიდან, ბუნებრივია, ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რომელიც არის გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზებზე და თანამშრომლობაზე გერმანიასთან და ჩვენს ევროპელ და ევროატლანტიკური პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ანგელა მერკელის ვიზიტის მნიშვნელობაზე დღესვე ისაუბრა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ ეს სტუმრობა ადასტურებს, რომ "საქართველო ევროპისთვის ნამდვილად არის სანდო და საიმედო პარტნიორია".

ანგელა მერკელი თბილისს 23 აგვისტოს ეწვევა, რა დროსაც პოლიტიკის გარდა ეკონომიკურ ურთიერთობებზეც იმსჯელებენ.

დღის ამბები