„ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რამდენად არ აინტერესებს „ოცნებას“ ხალხის პრობლემები, რამდენად არ აინტერესებს ის ღრმა კრიზისი ეკონომიკური, რომელშიც ქვეყანაა შესული, რა ვითარებაც გვაქვს ლარის კურსთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გააკეთა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა უნდა იმსჯელონ ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებზე და არა პრეზიდენტის რეზიდენციის მდებარეობაზე.
„აქ მთავარი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვერ უნდა შეძლოს ამ არჩევნებში გამარჯვება და ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც მათ პრობლემებზე იქნება ორიენტირებული და არა იმის შერჩევაში, რომელ სასახლეში და კაბინეტში დაიჭიროს ადგილი,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ უმჯობესია პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში გადავიდეს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მოქალაქეებს მინიმალური თანხა უნდა უჯდებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების შენახვა.