19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
მოჭიდავეების სკანდალური ფოტოსესია - საპარლამენტო უმრავლესობა მომხდარს უყურადღებობას უწოდებს და სპორტსმენებს მეტი დაკვირვებისკენ მოუწოდებს 

ქართველი მოჭიდავეების სკანდალური ფოტოსესია აქტიური პოლიტიკური განხილვის თემა უკვე გახდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეროვნული ნაკრების წევრების გამოჩენას რუსეთის დროშის ფერიანი მაისურებით, სადაც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ჯამბულატ თედეევია გამოსახული, სხვადასხვაგვარად აფასებენ.  

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ ეს ფოტოსესია პოლიტიკას არ უკავშირდება.

„თავისთავად ცხადია, არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ბიჭების ინტერვიუს თუ ვუყურებთ, დარწმუნებული ვარ, აქ არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა ამ ინციდენტს, უბრალოდ როგორც თვითონ გამოხატულია მაისურზე ის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც არის ბიჭების მეგობარი, მით უმეტეს მათ ასეთი ტრადიციები აქვთ, ყველა ასეთ შეჯიბრზე მაისურებით გამოდიან, თავიანთ წარმატებულ სპორტსმენს აკრავენ და ასე ხდება ხოლმე, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის მიზანმიმართული ქმედება. თითოეულ სპორტსმენს, რომელიც მანდ გამოდის თავისი მოქმედებებით, ქცევებით, ქვეყანა უსახელებია. ეს ინციდენტი იყო პატარა უყურადღებობა, შეიძლება ეს იყოს მაგალითი შემდგომისთვის, რომ ყველამ გაამახვილოს ყურადღება და ასეთი შეცდომა არ უნდა დაუშვან,“- განაცხადა შოთა ხაბარელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები ქართველ სპორტსმენებს მოუწოდებენ, უფრო მეტი იფიქრონ საკუთარ საქციელზე.

„რა თქმა უნდა, არ იყო ეს სასიამოვნო და გარკვეული ემოციური შეფასება მოჰყვა, ესეც გასაგებია. ამიტომ, მგონია, რომ განსაკუთრებით საჭიროა ასეთი საკითხების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენა და მეტად გააზრება, როდესაც ქვეყანას აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და საფრთხილოა ეს თემები, ამიტომ მეტი ყურადღება სჭირდება,“- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

დღის ამბები