თბილისის მერიის ურბანული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალექსანდრე ტოგონიძე საკრებულომ დაამტკიცა. თბილისის საკრებულოს სხდომაზე კენჭი უკვე უყარეს მის დამტკიცებას.
საკრებულოს ოპოზიციას დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, მათ მხარი არ დაუჭერიათ ალექსანდრე ტოგონიძისთვის.
საკრებულოს სხდომაზე მასთან კითხვები არც საკრებულოს უმრავლესობას ჰქონია.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ ტოგონიძე ურბანული სამსახურის უფროსად ივანიშვილის ნდობის გამო დაინიშნა და არა იმიტომ, რომ მას ამ საქმესთან რაიმე შეხება ჰქონდა.
„თბილისის ურბანული საქალაქო სამსახურის უფროსად დაგვინიშნეს არა ურბანისტი ადამიანი, პროფესიონალი, არამედ სწორედაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე და სამშენებლო კომპანიებში მომუშავე ადამიანი, რომელსაც არანაირი შეხება ურბანული თვალსაზრისით ამ საქმესთან არ ჰქონდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აპირებენ გააგრძელონ, ბიძინა ივანიშვილის და მათი მაფიოზური კლანის მაფიოზური სამშენებლო ინტერესების გაგრძელება,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მმართველი გუნდის წევრებისთვის საკრებულოს ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელია.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის თქმით, ალექსანდრე ტოგონიძეს სხვადასხვა კომპანიაში მიღებული გამოცდილება ახალ თანამდებობაზე გამოადგება.
ალექსანდრე ტოგონიძემ დამტკიცების შემდეგ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, უნდა იყოს პროცესების ოპტიმიზაცია, რომ ბარიერები ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ურბანულთან ექნება შეხება იყოს მაქსიმალურად დაბალი და კომფორტული ჩვენთან მუშაობა,“ - განაცხადა ტოგონიძემ.
ალექსანდრე ტოგონიძე ურბანული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კახა კალაძემ წარადგინა.