„ახალი საქართველოს“ სოციალურმა სამსახურმა უფასო სასადილოებში გამოვლენილ დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა.
დოკუმენტებით დასტურდება, რომ ისნის, საბურთალოსა და ჩუღურეთის გამგეობებში არსებულ უფასო სასადილოებში, ყოველდღიურად იმაზე ნაკლები ულუფა მზადდება, ვიდრე ეს ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ გამგეობის წევრის, სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე ჩატარდა შიდა მონიტორინგიც და მომსახურე კომპანიებს ხელახლა განუსაზღვრეს მოსამზადებელი ულუფების რაოდენობა.
აღნიშნულ დოკუმენტებს პარტია "ახალი საქართველო" ორშაბათს პროკურატურას მიაწვდის და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
„დასტურდება, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები, რომელზეც ერთი წლის წინ დაიწყო საქართველოს პროკურატურამ გამოძიება და ის მიგნებები, რომელიც იქ იყო განსაზღვრული დადასტურდა თავად ისნის რაიონის გამგეობის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის და საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ. საქართველოს პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე,“ - განაცხადა თეონა ჭალიძემ.