19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
თბილისში, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისი გაქურდეს

თბილისში, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისი გაქურდეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ოფისი პარტიის წარმომადგენლებს დილით გატეხილი დახვდათ.

ოფისიდან წაღებულია ტექნიკა, სადაც როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა. ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ 5 კომპიუტერია წაღებული.

ქარდავას თქმით, ეს არის პოლიტიკური ნიშნით და არა მატერიალური სარგებლის ნახვის სურვილით ჩადენილი ქურდობა, რადგან მისივე განცხადებით, ოფისიდან არ არის წაღებული გაცილებით ძვირადღირებული ტექნიკა. 

„ერთ-ერთში ინახებოდა მთელი მედიამონიტორინგი და ანალიტიკა, ხოლო იმ ორ კომპიუტერში მთელი საარჩევნო ბაზა მთელი საქართველოს მასშტაბით. შესული ვართ საარჩევნო რეჟიმში, ეს ერთი და მეორე, სწორედ ამ ოფისში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ახალი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ პროცესი. სუს-ი ნამდვილად შეძლებს, თუ მას სურს, რომ ამ აქციაზე, რომელიც განხორციელდა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ცენტრალური ოფისის წინააღმდეგ, ან უნდა აიღოს თავის თავზე, მაშინ ნაპოვნი უნდა იყოს ქურდები, თუმცა, მე მაინც არ მჯერა, რომ ეს იყო ქურდობა, ეს იყო პოლიტიკური აქცია,“ - განაცხადა ქარდავამ.

დღის ამბები