„პოლიტიკური ლოიალობა ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომლითაც გუბერნატორი ინიშნება,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი რწმუნებულების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. შვიდ რეგიონში ახალი გუბერნატორების პოლიტიკური ნიშნით დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობაში ბუნებრივს უწოდებენ.
ირაკლი კობახიძე ახალი რწმუნებულების პარტიულ ერთგულებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი. განსხვავებით მოსამართლეებისგან, პროკურორებისგან და ა.შ. გუბერნატორი კანონმდებლობის თანახმად არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე გუბერნატორი პირველ რიგში პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით უნდა შეირჩეს გარდა იმ კვალიფიკაციისა, რომელიც მას მოეთხოვება. გუბერნატორი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, გუნდის წევრი, აქედან გამომდინარე უნდა შეირჩეს პოლიტიკური ლოიალობის ნიშნითაც. თუ ვინმე ამას რამეს უწუნებს, ნიშნავს იმას, რომ მას კანონმდებლობა არ აქვს წაკითხული. შემომწირველიც ამას ნიშნავს, რომ ლოიალური უნდა იყოს პოლიტიკური გუნდის მიმართ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალი გუბერნატორების დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნიაც გამოეხმაურა. მან პრემიერის მიერ დასახელებული რწმუნებულები დადებითად დაახასიათა.