საქართველოს ახალი კონსტიტუცია უკვე იბეჭდება. მისი პრეზენტაცია ოფიციალურად 24 აგვისტოს, კონსტიტუციის დღესაა დაგეგმილი. საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა. ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი ერთპარტიული და არადემოკრატიულია.
„მიუხედავად ზოგიერთი გაუმჯობესებისა ეს კონსტიტუცია არის უკან გადადგმული ნაბიჯი, იმ კონსტიტუციასთან შედარებითაც კი, რომელიც დღემდე მოქმედებდა. ადამიანებს წაართვეს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება.
რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანს, როცა საარჩევნო სისტემა კვლავ რჩება საქართველოსათვის ფეოდალური მაჟორიტარული აკრძალვის წესი.
ეს არის კონსტიტუცია, რომელიც მორგებულია ერთ პარტიაზე და სამწუხარო ის არის რომ ამ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეს კონსტიტუცია მოირგო საკუთარ ტყავზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდება ეს ხელისუფლება არ იქნება მომავალშიო, მაგრამ იქნება სხვა ხელისუფლება, რომელსაც ყოველთვის ექნება ცდუნება რომ ეს კონსტიტუცია გამოიყენოს"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.
"ქართული ოცნების" კონსტიტუცია - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი ხათუნა გოგორიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს. მისი განცხადებით, ცვლილებები არადემოკრატიულია, თუმცა ახალი კონსტიტუციის მოქმედების ვადაც ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული.
„აღარაფერს ვამბობს იმაზე, რა გაუკეთეს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე როგორც ხელი არ ახლეს და არ შეცვალეს საარჩევნო სისტემა 2020 წლისათვის, ეს არი ქართული ოცნების კონსტიტუცია, რომელსაც ჰქონდა კიდევ მეორე მიზანი, რომ არ ყოფილიყო მარგველაშვილის ხელმოწერა.
დაბეჭდონ, თუმცა კონსტიტუციის მოქმედების ხანგრძლივობა, აბსოლუტურად დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის ნებაზე"-აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ხათუნა გოგორიშვილი.