პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში საკუთარი გუნდი ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებით დააკომპლექტა. მთავრობის მეთაურის მიერ წარდგენილი შვიდი ახალი სახელმწიფო რწმუნებულიდან უმრავლესობა შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკია.
მამუკა ბახტაძემ გურიაში საკუთარ წარმომადგენლად მისივე ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ნასარაია წარადგინა, რომელიც იქამდე რკინიგიზის პროფესიულ კავშირს ხელმძღვანელობდა. ზურაბ ნასარაია "ქართული ოცნების" აქტიურ შემომწირველთა რიცხვშია.
ნასარაიამ მერაბ ჭანუყვაძე შეცვალა, რომელსაც პოსტის დატოვება უკვე მეორედ მოუწია. პირველად მაშინ, როცა გაიგო, რომ პრემიერი გუბერნატორებს ცვლიდა და თანამშრომლებს საკუთარი ნებით დაემშვიდობა.
შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გახდა. მამუკა ბახტაძემ ხორჯევანიშვილის წარდგენისას მისი კერძო სექტორში, „მაგთიკომში“ მუშაობა აღნიშნა. პრემიერ-მინისტრს ძალოვან უწყებაში ხოჯევანიშვილის საქმიანობა და წარსული გამოცდილება არ უხსენებია. წინა ხელისუფლების დროს გიორგი ხოჯევანიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი იყო.
ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი გუბერნატორობამდე დევნილთა სამინისტროში სოზარ სუბარის მოადგილე იყო. პროფესიით იურისტი რეხვიაშვილი წლების განმავლობაში პროკურორად მუშაობდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, ის თანამდებობიდან ზურაბ ადეიშვილის მინისტრობის პერიოდში გაუშვეს და მაშინ ეს ფაქტი მიწების უკანონოდ მითვისების სკანდალს უკავშირდებოდა. შოთა რეხვიაშვილი პროკურატურაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა და 2012-2013 წლებში მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მოადგილედ მუშაობდა. რეხვიაშვილის პოლიტიკურ აქტივობაში შემომწირველის სტატუსიც შედის, ის 2013 წელს ნინო ბურჯანაძის პარტიის შემომწირველი იყო.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი გახდა. ის დღემდე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. გუბერნატორობამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
იმერეთის გუბერნატორი ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე გახდა. ის 20 წელია, შეიარაღებულ ძალებში მსახურობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტი კი ალექსანდრე მოწერელიამ ჩაიბარა. ის აქამდე კერძო სექტორში საქმიანობდა და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო. მოწერელიას მოადგილის პოსტს ჭუბერის გამგებელი ნინო ვიბლიანი დაიკავებს.