19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
სასამართლო ხელისუფლება სერიოზულ დარტყმას მიიღებს - ოპოზიცია არასამთავრობოებისა და პრეზიდენტის უშედეგო შეხვედრას ეხმაურება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესის ჩიხში შესვლას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. სამოქალაქო სექტორისა და გიორგი მარგველაშვილის უშედეგოდ დასრულებულ შეხვედრას ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ.

საპარლამენტო ოპოზიციაში პრეზიდენტს საყვედურობენ, რომ თავის დროზე მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე შეარჩია, ახლა კი გიორგი მარგველაშვილმა პროცესი კიდევ ერთხელ დააზიანა.

„გიორგი მარგველაშვილმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა პირველად, როდესაც შესთავაზა ამ პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტს, იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია იყო, რომ გვენეტაძე არ იყო სწორი კანდიდატი ამ პოსტზე. დღეს ვხედავთ, რომ პროცესი მთლიანად ჩიხში არის შესული, იმიტომ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტს, რომ კანდიდატი დაასახელოს. თუ იარსებებდა კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენ განვიხილავდით მსგავსი კანდიდატურის მხარდაჭერას. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს პროცესი წინ წავიდეს. როგორც ჩანს, სასამართლო ხელისუფლება კიდევ ერთხელ სერიოზულ დარტყმას მიიღებს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში დამოუკიდებელ სასამართლო არ სურს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ სურს. მათ დიდი შანსი გაუშვეს ხელიდან, რომ სასამართლოში რაიმე წინსვლა ყოფილიყო. ამაში თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, როდესაც ნინო გვენეტაძე წარადგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ისე გადადგა და გაქრა, რომ არავის უნახავს. რაც შეეხება თუ რა უნდა ქნას დღეს პრეზიდენტმა, მან უდნა წარადგინოს საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატი, თუ ამას, „ოცნება“ ჩააგდებს, რაშიც დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ უნდა,“- განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” თავმჯდომარემ, გიორგი ღვინიაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები