19 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
„უკადრებელსაც იკადრებს" - ოპოზიცია ლაშა ნაცვლიშვილის "ქართული ოცნების“ პიარსამსახურში შესაძლო დანიშვნას ეხმაურება 

„იყო მთელი ამ ქართული ოცნების ტყუილების მთავარი შემფუთველი,“ - ასე ეხმაურება  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილის ქართული ოცნების პიარსამსახურში შესაძლო დანიშვნას. 

ოპოზიციის წევრებისთვის ლაშა ნაცვლიშვილი კორუფციასთან ასოცირდება.                     

„ლაშა ნაცვლიშვილი იყო შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების ერთ-ერთი ცნობილი სახე და მაღალჩინოსანი. შემდეგ, 2012 წლიდან, ის ძალიან წარმატებით გადაპორტირდა ქართულ ოცნებაში. ჯერ იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და შემდეგ იყო მთელი ამ ქართული ოცნების ტყუილების მთავარი შემფუთველი. შესაბამისად, არაფერი არ არის გასაკვირი ამ ხელისუფლებისგან,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე, აცხადებს, რომ ლაშა ნაცვლიშვილი არის ადამიანი, რომელიც „უკადრებელსაც იკადრებს“.

„ამა ადამიანის დანიშვნა მიუთითებს ერთ მარტივ რაღაცაზე, რომ გვაჩვენებს, რა ტიპის კამპანიის ჩატარება გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ და ასევე გვაჩვენებს, რა ტიპის გეზი აიღო მომავალში საზოგადოებასთან საურთიერთობად. ეს არის ადამიანი, რომლის საქმიანობაც შეიძლება, მარტივად დავახასიათოთ, როგორც უკადრების კადრება. რასაც ვერ იკადრებს ვერავინ, ლაშა ნაცვლიშვილი აუცილებლად იკადრებს, თავის გუნდთან ერთად,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები