19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
გადადგა თუ გადააყენეს სოსო გოგაშვილი - გომელაურის უწყება დუმს, თუმცა, „კურიერმა“ დეტალები გაარკვია

იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ისე დატოვა, რომ მისი გადადგომის მიზეზზე სუს-ს წერილობითი განმარტებაც არ გაუკეთებია. ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებული არ არის, გოგაშვილმა სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის პოსტი პირადი სურვილით დატოვა თუ დაატოვებინეს.

კურიერის წყაროს ცნობით კი, იოსებ გოგაშვილი გაუშვეს. მიზეზი პარტია ქართული ოცნებისთვის საარჩევნოდ გაღებული შემოწირულობების მითვისებაა. ზუსტი თანხა არ სახელდება, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბარი ათეულობით ათას ლარზეა.

იოსებ გოგაშვილის სახელს არა ერთი სკანდალური საქმე უკავშირდება, რაც შესაძლოა, მისი მოხსნის მიზეზი გამხდარიყო.  

ერთ-ერთი ბოლო სკანდალური საქმე შვილმკვდარი მამების - მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის, ევროპაში ჩაშლილ ვიზიტს უკავშირდება.

ორივე მათგანს სტრასბურგში შეხვედრები ადამიანის უფლებათა დამცველებთან ჰქონდათ დაგეგმილი. დელეგაციაში გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე და ამერიკის მოქალაქე შედიოდნენ, თუმცა, გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე შეიტყვეს, რომ გერმანიის საზღვარზე მათ დააკავებდნენ.

ელისო კილაძის ინფორმაციით, სუს-დან გერმანიის ფედერალურ პოლიციაში განგებ მცდარი ინფორმაცია გაგზავნეს, რომლის მიხედვით, მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ბრალდებულია, სარალიძე და კილაძე კი მისი ხელშემწყობები იყვნენ.

სოსო გოგაშვილის პასუხისგებაში მიცემას თვეებია, ითხოვს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

შვილმკვდარი მამა ამტკიცებს, რომ სწორედ გოგაშვილი იყო იმ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი, რა დროსაც მისი შვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.

სოსო გოგაშვილი აქტიურად იყო ჩართული თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე, ჩატარებულ სპეცოპერაციაში. კადრებში, რომელიც მაშინ სამინისტრომ გაავრცელა, კარგად ჩანდა, რომ ის სპეცდანიშნულების რაზმებს ხელმძღვანელობდა.

სოსო გოგაშვილის სახელი და გვარი სკანდალურად უკავშირდება ე.წ. "ციანიდის საქმეს".

მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ კურიერს თვეების წინ საპატიმროდან წერილი გამოუგზავნა, სადაც მითითებული იყო, რომ გოგაშვილი შორენა თეთრუაშვილისა და მეუფე იაკობის შემუშავებული გეგმის განმახორციელებელი იყო.

საჯარო მოხელის სტატუსის მიღებამდე სოსო გოგაშვილი სოციალურად დაუცველთა სიაში ირიცხებოდა და სახელმწიფოსგან შემწეობას იღებდა. თუმცა, სტატუსი და ფინანსური მდგომარეობა 2013 წლიდან შეეცვალა.

კარიერულ ზრდასთან ერთად, მისი და მისი ახლო ნათესავების ქონებრივი მდგომარეობაც გაუმჯობესდა. გასული წლის აპრილში რუსთავი2-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ გოგაშვილის ცოლის დამ 2016 წელს რამდენიმედღიანი ინტერვალით კახეთში ათასობით კვადრატული მიწის ნაკვეთი და თბილისში ახლადაშენებულ კორპუსში ბინა შეიძინა.

დღის ამბები