19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ვაკანტური თანამდებობა - ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს პრინციპული ნაბიჯისკენ მოუწოდებენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასასახელებლად პრეზიდენტს ორ კვირაზე ნაკლები რჩება.

უთანხმოების მიუხედავად, არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს მოუწოდებს, დრო არ დაკარგოს და კონკრეტულ გვარებზე ფიქრი დაიწყოს.

ორგანიზაციების წარმომადგენლები მზად არიან, გიორგი მარგველაშვილის მიერ სავარაუდო კანდიდატების სიის წარმოდგენის შემთხვევაში, მასთან კონსულტაციების მაგიდასთან კვლავ დასხდნენ და რჩევები მისცენ. საბოლოო სიტყვა კი პრეზიდენტმა უნდა თქვას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს უკვე საჯაროდ ამბობენ, რომ 3 კვირის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ დახურულ შეხვედრებზე პოტენციური კანდიდატების გვარები სახელდებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ სამუშაო სია იყო. მესამე სექტორი დარწმუნებულია, რომ, თუნდაც, ამ გაჟღერებული გვარებიდან, პრეზიდენტს სავარაუდო კანდიდატების ღირსეული სიის შედგენა შეუძლია.

მესამე სექტორში კონკრეტულ გვარებზე ღიად არ საუბრობენ, თუმცა, კურიერის ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრებზე პოტენციურ კანდიდატებად დასახელდნენ ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, კონსტანტინე კორკელია, რომელიც მონაწილეობას ევროსასამართლოს შესარჩევ ბოლო კონკურსშიც იღებდა. ასევე, სამართალმცოდნე ბესარიონ ბოხაშვილი, ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის ექსპერტი და საია-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.

სავარაუდო კანდიდატებს შორის, არაოფიციალური ინფორმაციით, გაჟღერდა ზაზა ნამორაძის გვარიც, რომელიც წლებია, უნგრეთში საერთაშორისო ორგანიზაცია ღია საზოგადოების ბუდაპეშტის ოფისს ხელმძღვანელობს.

კურიერის ინფორმაციით, ამ სიაში მოხვდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე და უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნათია წკეპლაძე.

საპარალამენტო ოპოზიცია, წარუმატებელი მოლაპარაკებების გამო, პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს აკისრებს, რომელსაც მოუწოდებენ, ამ პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოს. ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ავლაბრის რეზიდენციაში გამართული მოლაპარაკებების მონაწილეები იყვნენ, გიორგი მარგველაშვილს პრინციპული ნაბიჯისკენ მოუწოდებენ.

მმართველ გუნდში კი სკეპტიციზმი გაძლიერდა. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტს კიდევ უფრო ნაკლები შანსი დარჩა პარლამენტს ღირსეული კანდიდატი წარუდგინოს.

გუშინდელი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი დუმს. 

 

 

 

დღის ამბები