თბილისში ხვალ ანგელა მერკელს ელოდებიან. გერმანიის კანცლერი საქართველოს 10 წლის შემდეგ მეორედ ეწვევა. ანგელა მერკელი კავკასიურ ტურნეს სწორედ თბილისიდან იწყებს.
გერმანიის კანცლერი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში გამართავს შეხვედრებს.
ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობაში გერმანიის კანცლერის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას მნიშვნელოვნად აფასებენ.
„გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირის მასშტაბით და მის მიღმაც. ევროპული საერთო პოზიციის ფორმირებაში გერმანიას აქვს ხოლმე გადამწყვეტი სიტყვა და ამდენად მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მხარდაჭერა გერმანიისგან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ვიცით, რომ გერმანია არის აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. ეს ვიზიტი არის კიდევ ერთხელ მხარდაჭერის გამოხატულების აქტი და დადასტურება იმის, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, არის რეგინში მნიშვნელოვანი პარტნიორი,“ - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.
ვიზიტის მეორე დღეს ანგელა მერკელი ოპოზიციას შეხვდება. გერმანიის კანცლერი საპარლამენტო ოპოზიციასთან გამართავს შეხვედრას.
„მაშინ, როდესაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ იყენებს საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ვითარებას ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, მნიშვნელოვანი, რომ გერმანიის კანცლერმა მოისმინოს ჩვენგან, როგორც ამ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალისგან ის გზავნილები, რომელიც მასთან ექნებოდა ქართველ ხალხს, რომელიც გერმანიისგან მოელის აქტიურ მხარდაჭერას, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ნატო-ში, ევროკავშირში და ჩვენი უსაფრთხოების დაცვას. ასევე საუბარი გვექნება იმ მძიმე ვითარებაში, რაც არის ქვეყანაში შექმნილი დემოკრატიის კუთხით,“ - განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.